ჩემ შესახებ

среда, 21 мая 2014 г.

ჩემი ლექსები



მე მზის ქვეშეთში დავიბადე,შავ ზღვასთან ახლოს,

ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,

მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ

და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!

ბერო ლუხუმო,ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ,

კვლავ შეგვახსენე,ხევისბერო, ,,ვისი გორის ვართ“,

ქრისტევ ჯვარცმულო,საქართველოს ნუ გაუჭირვებ,

თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს!

მე მზის ქვეშეთში დავიბადე,ამ მიწის გულზე,

ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,

მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე

და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!!!




...
საცაა ღრუბლები გახლეჩენ კორიდორს
და წვიმა წამოვა თავპირისმტვრევით,
ფოთოლმა იგრძნო პირველი მოდიდო
წვეთი და დაბერტყა მხრებიდან მტვერი.
მიწამ ჩაყლაპა პირველი წყენა
და წვიმაც ტირილით დააცხრა ნიადაგს,
მშიერი მგელივით დაეწყო ხველა
სიმინდის ტაროებს, გვირილებს კი არა.
მამლები საღამოს იკლებენ ყივილით,
ზეცაზე დიდგულა მზე იშლის ნერვებს,
ვაზებმა გადიკრეს ქარვისფრად ღიმილი,
დაწურეს მტევნები მსხვილად და შეთვრნენ.
საცაა ღრუბელი დატოვებს ზეცას,
მზის სხივიც დაათბობს ჟანგისფერ ნიადაგს,
მშიერი მგელივით დაეწყო ხველა
სიმინდის ტაროებს, გვირილებს კი არა.
...
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები,
საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე,
სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე
და სნობისტური დაიწყო ლტოლვა.
ნამრუდისფერი შეუგზავნეს მას წერილები
და მოაფინეს დედამიწას ლორთქო ფიქრები,
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები,
შეზლოგინები გააწყვეს მოლზე.
ბინდით მხატვარი გვიდო რენი ჩამოჯდა მზეზე,
მიცვალებულთა მზეზე დასდო სულის პალიტრა,
მან ადრინდელი ნახატები გადასწვა ცეცხლზე
და ხელი მიჰყო მხოლოდ ხატვას შეზლოგინების.
მოზიდეს ტყიდან მოთეთრლეგო ლოფორთქინები
და გაშლილ ველზე გობელენებს დაადგეს ზვინად,
მორეკეს ტყიდან კვიცრები და კაპუეტები,
კაპუეტების და კვიცრების დაიწყო წვიმა.
სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე,
ეროსით მთვრალმა ჩაშლილ თმებში შეჰყო თითები...
საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე,
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები.

...
ისე ყეფდნენ ცაზე ღრუბლები და ისე თრთოდნენ,
ისე გალობდნენ ის პაწია ანგელოზები,
ისეთ ხორუმის წრეებს კრავდნენ კაბადონებზე,
მოგინდებოდა დაგენახა განმეორებით.
ისე ძალუმად დაეძაბა ღრუბელს ძარღვები,
ისე განცვიფრდა, თითქო იყო მაისში თოვა,
მერე დაიწყო გადაყვლეფილ მუხლებზე ხელი,
ცად წავიდა და ჩემი სულიც თან გაიყოლა.
იქ ხელოვნების ტრიუმფების იწყო დაპყრობა,
იმ ჩემ სულიდან გამოძერწა ნატანჯი ქალი,
სახე ღვარძლიან დედაბერის მაგვარი ქონდა,
ხელის თითები უმოძრაო და მთლად დამჭკნარი.
გულზე ათასი სიყვარულის ცეცხლი მეკიდა,
სულში ათასი ფიქრით თრთოდა თხელი ფოთოლი,
გამოკვეთილი სახე ვიყავ რაფაელისა,
დამწუხრებული სახე ვიყავ კვაზიმოდოსი.
ნაკუწ-ნაკუწად იშლებოდა ცის ხელოვნება,
ღრუბლის ფილიდან იღვრებოდა წვიმის წვეთებად,
მეცემოდა და მაფხიზლებდა, როგორც ენძელას
დილის ნიავში მზის სხივები რომ დაეცემა.
გულში ათასი მოგონების იდგა მნათობი,
კვლავაც ათასი ფიქრი იყო სულში შემძვრალი,
გამოკვეთილი სახე ვიყავ ბუონაროტის,
დამწუხრებული სახე ვიყავ დულცინეასი....
ისე აყეფეს გვირილები,ისე გაწირეს,
ისე მოწველეს ღრუბლებიდან ღამის სიზმრები,
ისე თენდება,მზე ისე მწვავს ნაკოცნ ადგილებს,
ასე მგონია რომ ეხლავე გარდავიცვლები.


...
ბავშვობის წლები სვირინგივით დააჩნდა წარსულს,
ხოლო იმ დღეებს ფონად უდგას ძველი სოფელი,
სადაც ყოველი ხის ფოთოლი წლებს უფსკვნის მარყუჟს
და სმენას მიტკბობს წარსულ დღეთა საგალობელი.
ძამა ღრიალით კლდეზე ლოკავს ათქვლეფილ ტალღებს,
თეთრ-ვარდისფერი ყვავილები მოედო მდელოს,
სოფელში წავალ, ჩავალაგებ ლექსებს და კაბებს
მაშინ, როდესაც ჩაშაქრდება მინდორში ხენდრო.
შვილებს ვაჩვენებ ამწვანებულ, გადაშლილ ველებს,
მთებს და ნაკადულს, თეთრი ბლის ხეს, მაცხოვრის ტაძარს,
ბორდოსფერ ღამეს დავანახებ შვილებს და მერე
მოვუთხრობ, აქ რომ გავატარე ბავშვობის ხანა.
აქ უამრავი ხე, ფოთოლი მაგონებს წარსულს,
აქ თითო ნაძვი ხნოვანებით, ფერით ფასდება,
აქ თითო ყლორტი ეტმასნება ზღაპრისფერ ზაფხულს,
აქ თითო წამი მომეტებით მეძვირფასება!
ძამა ღრიალით კლდეზე ლოკავს ათქვლეფილ ტალღებს,
თეთრ-ვარდისფერი ყვავილები მოედო მდელოს,
სოფელში წავალ, ჩავალაგებ ლექსებს და კაბებს
მაშინ, როდესაც ჩაშაქრდება მინდორში ხენდრო.

ფოთოლცვენაა... ბუნების სასწაული! მართლაცდაა საოცრებაა ყვითლად აბრიალებული ხეები! გვიანი შემოდგომის მთელი სილამაზე მეშლება თვალწინ. ოქროსფერი კადრები უსწრაფესად ცვლიან ერთმანეთს. წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ისევ წითელი, ყვითელი და ისევ ნარინჯისფერი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმაცილებენ. სარკმლიან კარგად ჩანს მთაზე აშლილი ხეების კენწეროები; თვალს აწყნარებს, ყურს ესალბუნება და სულს ამშვიდებს მწვანე მდინარის მორცხვი ჩხრიალი, ჩამოცვენილი ფოთლების ჩუმი შრიალი და კიდევ... სალონში დაღვრილი ვანესა მეის კლასიკური ჰანგები. ვერაფერს იტყვი, იდეალური შეხამებაა!
რიკოთის უღელტეხილს ვუახლოვდებით. ბუნება აქაც გარინდებულა, ირგვლივ ოდნავ სუსხშეპარული სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვეა. ნაძვის და ფიჭვის ხეები  ზურმუხტში არიან გახვეულნი, თუმცა ღია მოლისფერ ფონზე აქა-იქ გაბნეულა ყვითელი ლაქები. ბუნებას ჭაღარა შეჰპარვია. მთებს ნაბადივით სქელი, თეთრი ნისლი ჩამოსწოლია. სადღაც შორიდან ბუნდოვნდება მზეც. აშკარაა, ირგვლივ ზამთრისწინა მყუდროებას დაუსადგურებია. აქა-იქ შემორჩენილი, გაყვითლებული ფოთოლი კი სხვა არაფერია, თუ არა ბუნების სევდანარევი მონატრება წარსული მშვენიერებისადმი.
იისფერ ნისლში ჩაძირული მოწითალო მზის სხივები გზას მილოცავენ და ბოლომდე მომაცილებენ ქალაქისაკენ.
                                                  

...
ამ დარდით სავსე წუთისოფელში
ლექსს ვუხმობ ჩემში ჩასასახლებლად,
კიდევ მაქვს ღონე რითმა გავხედნო,
კიდევ მაქვს ძალა ეს ტვირთიც ვზიდო
და იქნებ მერე ჩემშიც დაბუდდეს ლექსი,
სული რომ გადამირჩინოს.
ვინ უწყის, როდის შემოაჭენებს
მუზებით სავსე ურემს მეურმე,
ამ დარდით სავსე წუთისოფელში
ვის ჭიქას თეთრი ღვინით შეუვსებს
და ამ ბახუსით ანთებულ გრძნობას
ნიაღვრად დაღვრილ რითმებს შეუნთებს.
იქნებ კი მიჯობს ჩემთვის ჩავყუჩდე,
გადავივაკო ფურცლების ჯღაპნით,
სად მივაფიცხო ბუხარს მელანი?...
აღარ ვარ მოკლედ ლექსების დარდით.
და ამ დარდიან წუთისოფელში
თავს რით ვუშველო, თუ არა ლექსით?
ჰოდა, მორეკეთ სიტყვების რემა
და გაჭენებულ ცხენებზე შესვით!

...
ცას შევყურებდი და
გაცრეცილ ტანზე
შევნიშნე, თითქოს ჟანგისფერი
დაედო მთვარეს.
თხლად აითალა
სახის ნაზი ჰაეროვნება...
რაც ახლა მოხდა,
ის არასდროს განმეორ
...
,,ენა ქართველთარს სიმბოლო,,ყოვლისა საქართველოჲს,
 ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს,
  ენა არს წმინდა ლამპარი, გან,ძვირფასი არს სიტყვა,
 ფარია იგი დამცავი, გზა გაიკაფა, განდიდდა.
  ასომთავრულით დაიწყო ანბანმა მოსვლა თავიდან,

  შემდეგ ნუსხურით, ხუცურით, მხედრულით თავი გაითქვა,

  გმირულად უძლო ქართულმა სპარსულ-ლათინურ შეტევებს,

  განავრცო ენა ქართული, ღვთივკურთხეული დგას დღემდე.

  ენა მადლია, ნიჭია, ეძლევა მხოლოდ რჩეულ ერს,

  მადლია, მაგრამ ამავ დროს დიდ ტვირთ გვეძლევა რჩეულებს...
 ,,ენა ქართველთარს სიმბოლო,,ყოვლისა საქართველოჲს,“

  ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს!”

...
ღმერთო მაღალო, დამიცავი ბოროტებისგან,
მომეცი ძალა სათნოების და სინანულის,
მომმადლე ღმერთო, სიმწიფენი სიტყვის, ქცევისა,
მასწავლე როგორ განვიწმინდო სული ტანჯული!
გულთამხილავო, შენში არის მხოლოდ სიმართლე,
შენა ხარ სიბრძნე, შენ უფალო, შენ ხარ დიდება,
შენა ხარ ქვეყნის დასაბამიც, სულის სიმაგრეც,
მხოლოდ შენ უწყი თუ რაშია ჭეშმარიტება!
უფალო, თუკი სატანჯველად მიძღვენ ცხოვრება,
ეს განსაცდელიც ამა სოფლად თუკი მომეცი,
სხვას არ მოვითხოვ, მხოლოდ სულის მინდა ცხონება,
ძალა შემმატე სწორად რომ ვლო წუთისოფელი!
, ღმერთო ჩვენო, არ წარმკვეთო მე სასოებას,
გულის სიმაგრე და სიმტკიცე სულის მიბოძე,
გვედრი უფალო, სიბრძნე შენი რომ მსურს მომეკრას,
რომ შენ გადიდო და შენ გგესო მთელი სიცოცხლე!



მივიპარები...
აწეწილ სულს ესმის ძახილი,
კივიან სადღაც და გათელილ გზებს
შემოდგომით ძალით სტენიან
                                 სევდიანი ქრიზანთემები,
ცა იტბორება,იქ, შორეთში ღრუბელი მძარცვავს,
მივიპარები... აღარა მაქვს სურვილი ბრძოლის
და შენს მკლავებში მოვეშურები.
მოვიპარები...
ცამ დამიწყო ალერსი თმებზე
და ჩემს გარშემო შემოაწყო
                             სისხლისფერი

 ბროწეულები.

                რაჭა
ბინდმა აიყარა ბეჭი,
მთისკენ ავუყვები აღმართს,
აღარ შემიძლია მეტი,
უნდა დაგიკოცნოთ რაჭა.
წესის მტრედისფერი დილა
კვლავაც სანახავად მიწვევს,
უნდა დაგანახოთ ციდან
როგორ ჩამოვირბენ კიბეს.
ბინდმა აიყარა ბეჭი,
ბინდი ცხრაჯვარიდან ჩამყვა,
აღარ შემიძლია მეტი,
უნდა დაგიკოცნოთ რაჭა.
ნინო ელბაქიძე

...

განაგდებ იმას, რაც ასე გებრძვის,

გადაძლევ ყოველს, რადგან ხარ მტკიცე,

ვერ დაგიმონებს, ვერ მოგდრეკს მტერი,

რადგან შენ ბრძოლებს ლოცვებით იწყებ!

თუ ხმალი არ გაქვს, დაიმსხვრა ფარიც,

გზას გაგინათებს შენ მაშინ ჯვარი,

რადგან გმობ ბოროტს, რადგან ხარ წრფელი

იარაღია მთავარი შენი

გულწრფელი რომ ხარ წინაშე ღვთისა.

ამიტომ ძალას შეგმატებს ღმერთი,

როცა შეხედავს, რომ გულით ებრძვი

ყოველგვარ მაცდურს და უსარგებლოს,

რომ ცდილობ მხოლოდ სულს ასარგებლო,

შენ ღონემიხდილს შეგმატებს ძალას,

წამოგაყენებს უფალი მაღლა,

რაც მთავარია შენ ეხლა მზად ხარ

ბოროტს შეება შიშველი ხელით

და ამიტომაც ღმერთი შენთან არს!..

შენ დაძლევ იმას, რაც ასე გებრძვის!..

                     

...

როგორ არ ვიტირო, რომ არ დავიტირო

ის დაკარგული, უსულო წლები,

მინდა გავიღვიძო, ერთხელაც მიღვიძლო,

უფალო, ღირს მიყო, მიმიღო, გვედრი!

ვუწყი, რომ უღირს ვარ, ნეტავი მე ვინ ვარ,

რომ ასე გიბედავ მოგმართო თხოვნით.

ჰე, თავო საწყალო, მოთმენა გასწავლო?

თავს რად ვერ იმკვიდრებ მოკვდავთა შორის?...

დროს უნდა დაელოდო, ბედკრულო თავო ჩემო,

უფალმა უკეთ უწყის, რად უნდა გამოგძერწოს და როდის!!!...

 

...

უმშვენიერესი სანახაობა გადაიშალა თვალსაწიერზე,

,,მზე ჰელიოსის“ ნაშიერები თვალთაგან ოქროს სხივებს ისროდნენ,

ოქროს ქვიშიდან ამოყოლილი ,,ოქროს საწმისთა“ ვნახე წარსული,

კოლხთა მიწაზე დავდგი რა ფეხი, ვიხილე წამსვე მე სასწაული.

ფაზისი მდორედ მოდინებული

                                       შავი ზღვის ტალღებს დარდებს ატანდა

და თოლიებით გარემოცული ქალაქი წარსულს ვეღარ მალავდა.

მე, თვით ზღაპრებშიც აუღწერელი ვნახე ტაძარი აქ დიდებული,

აქ სამონასტრო კომპლექსიც ვნახე უფლის ძალისგან გაბრწყინებული.

ფერიცვალების ეკლესიასთან რაღაცა ძალამ მე შემაყოვნა...

ეს იყო მართლა დღე დიდებული, გასახსენებლად დიდხანს მეყოფა!..

 

...

თუ ბოროტს დევნი და თუ ხარ წრფელი,

თუ გულით ებრძვი ყველა ცუდ ზრახვას,

ამას შეხედავს უფალი ჩვენი

და თუკი სუფთა ბრძოლაში გვნახავს,

არ მიგვატოვებს, შეხედავს თუკი

დავგმეთ, ტაბუ ვდეთ ბოროტს კეთრიანს,

ადამიანებს შეგვინდობს გულით,

რადგან თიხის ვართ, ის კი ღმერთია!

გარდა უფლისა, ან სხვას ვის ვეტრფით?

განა ლოცვის თქმა ასე ძნელია?

მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთადერთი,

მარადიული მხოლოდ ღმერთია!!!

 

...

გარეთ ბინდი იკრებს ძალას. მოსაღამოვდება თუ არა, ეზოში ჩავალ. ეხლა რომ საზოგადოებას აზრს არ ვუწევდე, ნიღაბს ჩამოვიფარებდი და სულაც ასე ვივლიდი. თუმცა რა უცოდველიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც საკარნავალოდაა გამზადებული. ზოგს მგლის ნიღაბი აქვს აფარებული , ზოგს - დათვის, ზოგს - კურდღლის და ზოგსაც-მელიის. მერე მთელი ცხოვრება ადამიანები იმის გარკვევას უნდებიან, ვინ რომელი ცხოველის ქურქის ქვეშ იმალებოდა ამ უდარდელი ზეიმის ჟამს. ....... იქნებ მეც მთელი ცხოვრება ნიღაბაფარებული დავდიოდი? ეხლა იმას ვფიქრობ, მე ჩამოვაცალე ჩემ თავს ეს ,,ტიკიმასხარა,"თუ სხვამ?... იქნებ ეხლაც ,,სიფათზე" მაქვს მიტყეპებული? ზოგჯერ სურვილი მებადება ვიყვირო, მაგრამ ამ სურვილს ვიკლავ (საზოგადოებას ანგარიშს ვუწევ), პირველ ნაცნობთან შეხვედრისთანავე ვიღიმები და ისეთ სახეს ვუჩვენებ, თითქოს მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. არადა, სულ ორიოდე წუთის წინ არ იყო, საკუთარი სახის გაშიშვლებას რომ ვცდილობდი? და კვლავ, ნიღბის აფარება მაიძულა პირველივე შემხვედრმა ნაცნობმა. იქნებ იმიტომაც იყვნენ ადამი და ევა სამოთხეში, ტანზე განძარცვულნი რომ დადიოდნენ, სულით გაურყვნელობას რომ ეწეოდნენ და პირით სიმართლეს რომ ღაღადებდნენ? სულაც იმ ცოდვის ხის ბრალი იყო ყველაფერი, სამოთხის ბაღში დარგული ცოდვის ხის ნაყოფის!.. ეს რომ არა, დღეს ადამიანებს გაშიშვლება აღარ დასჭირდებოდათ, რადგან შიშველი ევა და შიშველი ადამი შიშველ ნაყოფს მოგვცემდნენ და აზრადაც არ დაებადებოდათ, თუ სახისა და სხეულის შენიღბვა დასჭირდებოდათ ოდესმე. მსახიობებს სცენაზე თამაში მოენატრათ, რადგან ცხოვრებაში ყველანი ვთამაშობთ და ხშირად ამ თამაშის დროს მეტ პროფესიონალიზმს ამჟღავნებენ არაპროფესიონალი ადამიანები, ვიდრე სახალხო არტისტები გაჩახჩახებული თეატრის შენობებში. დადიან ადამიანები და სახეზე არაფერი ეტყობათ, რადგან ნიღბები აქვთ ჩამოფარებული და ყველას თავისი ნიღაბი უყვარს. ამიტომაც იზიდავთ ადამიანებს კარნავალები, ამიტომაც მოსწონთ ქართველებს ბერიკაობის დღესასწაული. მე კი იმიტომ მიყვარს შემოდგომა, ხეებს აბრეშუმის ფარფაშა სამოსს რომ აცლის ქარი, იმიტომაც მიყვარს გვირილები, ნაჭერ-ნაჭერ რომ ეცლებათ ქვედაწელი კაბები და ლიმონისფრად აფეთქებული გული რომ გვიჩვენებს მათ ნამდვილ სახეებს

მომწყინდა ამდენი ლაყბობა. ეხლა უსაზღვრო სევდა შემომაწვა სიყვარულისა და სილამაზის არხსენებით გამოწვეული. მომწყინდა ნიღბებზე დაუსრულებელი ფიქრი. მათ, ვისაც ჰგონიათ სხვისი ნიღაბი ნაცარტუტად აქციეს და ამით აღზევდნენ, ძლიერ ცდებიან. მეც ამ წუთში ნიღაბი მაქვს აფარებული და თუკი ეს ნაწერი ჩემი კალმის მცნობელს არ ჩაუვარდა ხელში, სამუდამოდ უცხო დავრჩები ინკოგნიტობას ამოფარებული და მაშინ მეც უნდა მიხაროდეს, სხვამ რომ ვერ შეძლო ჩემი სახელისა და გვარის ამოცნობა. დადიან ადამიანები და სახეზე არაფერი ეტყობათ. სახეზე სიმართლე რომ ვთქვა არც მე მეტყობა ბევრი რამე. სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე. ხშირად იმასაც ვფიქრობ, ამიტომაც ვერ დავფრინავთ-მეთქი. მე რომ ეხლა ნებისმიერ ადამიანს სარკე დავუდგა წინ, დარწმუნებული ვარ, პირდაპირ გაიგებს მის დანიშნულებას, ფიზიკურ სილამაზეს შეაფასებს ამით. სული კი, სული სარკის მიღმა დარჩება, რადგან ამ ჯადოსნურ ანარეკლში შეუმჩნეველია იგი.

 

               

              პირველი სიყვარული

 

ფოთოლცვენაში გაიფანტა ჩვენი ბავშვობა,

ცხრაკლიტულებით ჩაიჭედა გარდასულ წლებში,

გარდაიცვალა სულ პირველი გაფრთხიალებაც...

დაღონებული მივყვებოდი იმ პროცესიას,

სადაც ბავშვობის სიყვარულის კუბო მიჰქონდათ,

მერე დაღლილი მივესვენე მიგდებულ ლოდზე

და ავქვითინდი დაკარგული წლების პასუხად.

დავისახიჩრე ტკივილებით ნათელი სული,

თვით ბავშვობაში გადავიცვი ბებრული კაბა,

გადავივიწყე ქვეყანაზე ყველა სიამე

და მხოლოდ შენი სიყვარულის დავრჩი წამება.

უარი ვუთხარი ცხოვრებაში ყოველგვარ გრძნობას,

უკან გავუშვი ბევრი ძლიერ გაწბილებული,

რადგან ვერ შევძლე სამუდამოდ დამვიწყებოდა

რასაც დაერქვა სულ პირველი შეყვარებული!

 


 


...

ბგერები ჰაერს ირიბად კვეთს. სული ობლობას შეჩვეული თავს კვლავ მახსენებს. ანაზდეულად თითებს შორის ბროწეულები მეჭყლიტება, ხმაც მკრჩხალი ხდება, ყალყზე დგება ღამის სიჩუმეც და როცა მეწყება თავის ტკივილები მე შენ გეძახი... როცა სულს აღარ ეშვება თავნება მესალინა, როცა მარტოობა სანუკვარ ბალზამად ეცხება გულს, მე ვტოვებ ყველაფერს და მივდივარ შორს, იქ, სადაც ოთხი ბუმბერაზი მთა იცავს დუმილს, იქ, სადაც კაცი თავის თავში გარკვევას ცდილობს და სწორედ ამ დროს, როცა არ ვიცი როგორი ხარ, ვინ ხარ, სადა ხარ... მე შენ გეძახი... და როცა მოხვალ, შეშლილივით მოგექცევი, ფუტკარივით ამოგწოვ ბროწეულისფრად შეღებილ სახეს, მე გაწამებ და როცა ამ გიჯური ქმედებისათვის პასუხს მომთხოვენ, არც შენ იქნები დანდობილი. ორი სხეული–– ბნელ ღამეებს შეყუჟებული–– დაიწყებს ოხვრას, მაგრამ ვიცი მალე დადგება ჟამი გარდასახვისა. ისევ მე დაგიამებ ტკივილს და მაშინ ყველა დღე იქნება ჩვენი. ყოველ დილით ზეთისხილის რტოებისაგან დაგიწნავ ჰამაკს და გინანავებ, ყოველ შუადღით მზის სხივებისაგან მოვქარგავ საქანელას და ერთად ავქანავდებით, ყოველ საღამოს მთვარის ანარეკლისაგან სარკეს დავიდგამ და შიგ ჩაგახედებ. ეს იქნება ჩემი ველური სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურება შენდამი. მე შენ ჯერ ჯოჯოხეთს გპირდები და მერე სამოთხეს. ვერ მოგატყუებ, იქნება მწარეც, მაგრამ ბოლო თაფლივით ტკბილი გამოგვივა. მე ვარ შენი მოთმინების ფიალის გამომწვრთნელიც და ტკბილი სიბერის დამპირებელიც!.. და თუკი შენ გინდა ასეთი ცხოვრება, მზად ვარ ეხლავე მივწი-მოვწიო ეს დევებივით წამომართული ცხრაკლიტულები, ბუმბერაზივით ცაში აზიდული მთები, მათი სილამაზე–– ,,ვერონიკას თმები" და დაგიბრუნდე, ვითარცა საშინელი ბრძოლიდან თავდაღწეული მეომარი. თუკი გსურს ასეთი გიჟური ცხოვრება, მომიახლოვდი!.. მე შენ ყველგან დაგეძებ, შენ, ვისაც რაღაც მისტიური სწრაფვის უფლება გაქვს მხოლოდ შენთვის ხელშესახები ევასაკენ, შენ, ვინც წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში ჩაეტიე... მე გიჟურ როლში გამოვდივარ ხოლმე ცხოვრების ასპარეზზე, როცა შენ ვერ გხედავ, ან იმ ცაზე გაკიდებულ ოცნებებს ვგავარ, რომელთაც ახდომა არ უწერიათ. ხოლო თუკი დავრწმუნდი, რომ შენი ნახვის იმედი გადაწურულია, მაშინ ნეპჟაციებისა და ფაფანაგების ხილვის წყურვილითა ვარ შეპყრობილი. მე საერთოდ ჟინიანობა მახასიათებს მონატრების ნელ განსასვენში. შენ ჩემთვის უცნობი ხარ, მაგრამ ამასთანავე ძლიერ ნაცნობიც. ვიცი, არარსებულს ვერასდროს გიპოვი და მაინც დაგეძებ. ...მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვრწმუნდები, რომ მე დავეძებდი სიყვარულს წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში. ეხლა კი ის მიხარია, მოვლენების ბოლოდან აღწერა რომ უფრო მიზიდავს. მე დონ ჟუანიც ბევრი მინახავს, პირველ შემხვედრ ქალსავე რომ ეკორწიალებიან კაბის კალთაზე, მაგრამ ისინი შენ არაფრით არ გგვანან. შენ ის ხარ,ვინც მე ამ რამოდენიმე წლის წინ წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში ჩავატიე. შენ უკვე ამ ჩარჩოებიდან გადმოხვედი და რეალობად იქეცი! ეჰეიი... ადამის შთამომავალო მე შენ გეძახი... ...ყალყზე დგება ღამის სიჩუმე, ტკივილებიც ტოვებენ სხეულს, ტოვებენ, რადგან შენ მე მეძახი! ......... მე შენ ! ! !

 

...

ზოგჯერ ვფიქრობ ავიკრა გუდა-ნაბადი და გავუდგე შორეულ გზას. ზოგჯერაც ამ სურვილს ვიკლავ, რადგან უკან რაღაც მისტიური გრძნობა მექაჩება, მერედა ისე ძლიერად მექაჩება, გასაქანს აღარ მაძლევს. რომ არ წახვიდე, ამისთვის ვიღაცამ ხომ უნდა დაგაკავოს?!.... მარტო ჩემი სურვილი არის კი საკმარისი?... წავიდე და მერე ამ გრძნობას რა ვუყო?...

მოდი, ავიღებ გვირილას და ნაწილ-ნაწილ შემოვაცლი ქვედაწელ კაბას ისე რომ, მხოლოდ ლიმონისფრად აფეთქებულ გულს დავუტოვებ, მაგრამ თან მეშინია, იმ ლიმონისფრად აფეთქებულ გულთან მარტო დარჩენის მეშინია, ბოლო ნაგლეჯმა რომ ,,არამითხრას, მერე რაღა ვქნა? ხოდა შიშით ვეღარც გვირილას ვკიდებ ხელს და ვეღარც ,,კი-არასათვლას ვიწყებ. არადა შემოდგომა დგას, ჩემი უსაყვარლესი დრო, მცენარეების გაშიშვლების ჟამი! ხოდა, მეც ვიშიშვლებ გულს და სულს და უსაზღვროდ გულწრფელი ვჩურჩულებ: ,,არ დავიჭირვებ გვირილებს, დავრჩები და ყველა განსაცდელს გმირულად შევებრძოლები, სამართლიან ბრძოლაში ჩავრთავ გონებას, სულს, გულს და გადავრჩები, აუცილებლად გადავრჩები!!!“

 


...

როგორ გაივაკა წლებმა,

სული ოცნებებით ლაღობს,

ისეთ ადგილას ვარ ეხლა,

მართლაც არაფერზე ვდარდობ.

სამი ეკლესიის მადლი

მთიდან სხივებივით მათოვს,

რა ბედნიერი ვარ ამით,

უფალს ყველაფრისთვის ვმადლობ.

თუკი სამოთხეა სადმე,

ეხლა იმ სამოთხეს მე ვფლობ,

ჩემ წინ გადაშლილი არე

სულის სიმყუდროვედ მეფობს.

ჩემი ხეობაა ძველი,

ძამის მოჩუხჩუხე ტალღა,

თავად იწერება ლექსი

ისეთ ადგილას ვარ ახლა!

1 комментарий:

  1. ყოჩაღ ნინო, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხარ, მიხარია რომ არსებობ და ჩემი თუნდაც სოციალური მეგობარი გქვია

    ОтветитьУдалить